წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება – ახალი დეტალები დევდორაკის ხეობაში არსებულ ვითარებაზე

ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა, ასევე, ამ დრომდე სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან.

,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 6 ივნისს, 08:35 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ვერტმფრენის მეშვეობით განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება.

პირველადი შეფასებით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მყინვარშიდა შეგუბებებს და გროტში დაგროვილი წყლების პერიოდულ გამოხეთქვებს, რასაც მოჰყვა ტალღების წარმოქმნა. წყლის მაქსიმალურმა დონემ 4.50 მ-მდე მიაღწია, ხოლო სასიგნალო ზღვარი მდ. დევდორაკზე 2 მეტრს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მდ. დევდორაკ-ამალისა და თერგის შეერთების უბანზე, გამოზიდვის კონუსში მოხდა მდ. თერგის ხანმოკლე შეგუბება, რამაც მოახდინა მდ. თერგის კალაპოტის შევიწროება და წყლის დონის მკვეთრი აწევა, თუმცა ტბის ჩამოყალიბებას და ხეობის გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია.

ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.

ინფორმაციისათვის, მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეზღუდვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი დევდორაკის მყინვარზე დაყენებული სასიგნალო სისტემის შეტყობინება გახდა. განგაშის მიზეზი ღვარცოფული მოვარდნის მაღალი რისკი იყო.

მსგავსი თემები