,,ჩემი შვილიც წაიყვანეს და ერთი ძმაკაცი, ჩვეულებრივად იყო ბავშვი სახლში, თამაშობდა, არაფერი დაუშავებია” – ტერორისტულ დანაშაულზე დაკავებულის დედა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. სპეციალური ოპერაცია ბათუმში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა.

დაკავებულების სახლებიდან ამოღებულია ავტომატი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, დროშები ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.

მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებულების ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით.

დაკავების ადგილის ერთი ლოკაცია გახლავთ ახალი ბულვარის ტერიტორია, მეორე კი ხელვაჩაურის დასახლება – სწორედ ამ ლოკაციებზე მიმდინარეობდა კონტრტერორისტული ცენტრის მიერ სპეციალური ღონისძიებები, რის შედეგადაც საქართველოს ორი მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცები დააკავეს. მათი საცხოვრებელი სახლებიდან კი ნივთმტკიცებულებები ამოიღეს.

დაკავებულები ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდები არიან. აღნიშნული პირები კონკრეტულ რაიმე საქმიანობას არ ეწევიან და ორივე დაკავებულ პირს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა.

დედა ირწმუნება, რომ მის შვილს სახლში კანონსაწინააღმდეგო არანაირი ნივთიერება, არც ცეცხლსასროლი იარაღი, არც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით რაიმე ნივთი არ ჰქონდა. თუმცა დედა ადასტურებს, რომ მის შვილს მეორე დაკავებულთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

,,ჩემი შვილიც წაიყვანეს და ერთი ვიღაც ძმაკაცი წაუყვანიათ. არაფერი, ჩვეულებრივად იყო ბავშვი სახლში, თამაშობდა, არაფერი დაუშავებია“, – აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის დედა ,,კურიერთან”.

მსგავსი თემები