,,ეს იყო კლასიკური აუცილებელი მოგერიების შემთხვევა” – ვარკეთილში, ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ვარკეთილში, ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა:

,,ეგ იყო კლასიკური აუცილებელი მოგერიების შემთხვევა. შეიძლება საქართველოში ასეთი არც მომხდარა. მიეჭრნენ სახლში, სცემეს, სახე ჩაულეწეს, სახის ძვლები ჩატეხილი აქვს. გაქცევა სცადა მეორე ოთახში, გაყვნენ ცემით და გაფორმებული იარაღი ჰქონდა და შეეცადა მოგერიებას”, – ამბობს დაკავებულის ადვოკატი პაატა მეხრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასულ ღამეს მოხდა. დაკავებულია იური კალანდარიშვილი, რომელსაც მეზობლად მცხოვრები 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და მისი მეგობრის, 40 წლის ნიკა არჩვაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებიან. ადგილობრივებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და ინფორმაციას არ ფლობენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები