დავით-გარეჯის კომპლექსთან, ქართული დროშა დღეს ისევ ფრიალებდა 

ჩიჩხიტურის კოშკთან მსვლელობით მისული აქციის მონაწილეების ნაწილი დაიშალა, ნაწილი კი კვლავ ამ ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეების ნაწილის დაშლის მიზეზი აქციის ერთ-ერთი მონაწილის გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაცია გახდა. მისი თქმით, პატრიარქის კურთხევაა, რომ აქციის მონაწილეები სახლებში დაბრუნებულიყვნენ. ფალავანდრიშვილის თქმით, მას მამა ანდრიამ ჯაღმაიძემ დაურეკა და ამის შესახებ უთხრა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, თემურ კუპატაძეს განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის დანაყოფები, რათა თავიდან იქნას არიდებული, რაიმე სახის პროვოკაცია.

„დილიდან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრები ერთობლივად ვახორციელებთ მონიტორინგს ამ პერიმეტრზე. დილიდან ასევე გვქონდა შეხვედრა მამა კირიონთან და სასულიერო პირებთან. მათთან ერთად დავგეგმეთ მარშრუტები, თუ როგორ უნდა გადაადგილებულიყო აქ მოსული მომლოცველები, რათა მათი გადაადგილება ყოფილიყო მაქსიმალურად უსაფრთხო. ასევე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხრიდან იქნებოდა პროვოკაციები. არავინ, აზერბაიჯანის არც ერთი მოქალაქე არ ამოსულა, იქითა მხრიდან არიან მხოლოდ მესაზღვრეები და ისევე როგორც ჩვენ, ისინიც ასრულებენ მოვალეობას. მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ყველა დანაყოფი ადგილზე, რომ თავიდან ავირიდოთ ყველანაირი პროვოკაცია და ასევე უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება”, – განაცხადა კუპატაძემ. 

ჩიჩხიტურის კოშკთან მცირე დაპირისპირება მოხდა. აქცია-მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ სადავო ტერიტორიაზე გადასვლის და სურათის გადაღების სურვილი გამოთქვა, რისი საშუალებაც ქართველმა მესაზღვრეებმა არ მისცეს და ამას აქციის მონაწილეების ნაწილის უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. 

მსგავსი თემები