,,მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი ვართ ადევნების საგანი, გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ მალე დავისჯებით” – ბრიფინგი წალენჯიხის მერიაში

სატელეფონო ზარებით მუქარასა და დაშინების კამპანიაზე ბრიფინგი გაიმართა წალენჯიხის მერიაში. მერმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში მერიის არაერთ თანამშრომელს დაურეკეს და დაემუქრნენ. მან მიმართა საელჩოებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ცნობად მიიღონ, თუ რა პირობებში უწევთ მუშაობა უწყების თანამშრომლებს.

მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას თქმით, ურეკავენ მის არასრულწლოვან შვილსაც.

,,ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო, მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი ვართ ადევნების საგანი, პერიოდულად გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ სამშობლოს მოღალატეები და მალე დავისჯებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის ტელეფონის ნომერი არსად არ არის ფიქსირებული, მას ურეკავენ, რაც გვიქმნის განცდას, რომ ამის უკან დგას ხელისუფლება”, – ამბობს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია.

ცნობისთვის, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერიც და საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.

მსგავსი თემები