ევროკავშირი ბაიდენის წარდგენილ გეგმას მხარდაჭერას უცხადებს

„ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წარმოდგენილ გეგმას, რომელიც გამოიწვევს ღაზაში ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას და ღაზის ჰუმანიტარული დახმარების ზრდას“, – ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი აფასებს აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის გადამწყვეტ ძალისხმევას მოლაპარაკებების ხელშეწყობაში, რათა დასრულდეს ომი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, „რის მიმართაც ევროკავშირი ერთგული რჩება.“

„ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და სტაბილურობა მთლიანად რეგიონის, ასევე გლობალურ ინტერესებშია. ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, მიიღონ და შეასრულონ სამფაზიანი წინადადება, მზადაა, წვლილი შეიტანოს პოლიტიკური პროცესის აღორძინებაში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე და მხარი დაუჭიროს კოორდინირებულ საერთაშორისო ძალისხმევას ღაზის აღსადგენად”, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ სამეტაპიანი გეგმა წარუდგინა.

მსგავსი თემები