ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას

2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია ,,აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.

რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩინეთმა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ცხრა ქვეყანამ, ხოლო 52-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთმა რეზოლუციას პირველად დაუჭირა მხარი.

ცხრა ქვეყანას შორის, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა არიან: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ზიმბაბვე, ნიკარაგუა, მალი, კუბა და ბურუნდი.

ქვეყნებს შორის, რომელთაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს არიან ჩინეთი, ისრაელი და ირანი. საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.

,,რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს”, – წერია საგარეოს განცხადებაში.

მსგავსი თემები