განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 269.702 გრ. „ჰეროინს’’, 0.1832 გრ. „ბუპრენორფინს’’, 3.64 გრ. „მეთადონს’’ (მარილი), 23.776 გრ. „მორფინს’’ (ფუძე), 39.986 გრ. „კოდეინს’’ (ფუძე) და 34.032 გრ. „თებაინს’’, საიდანაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,156 გრ. „ჰეროინი’’, დიდი ოდენობით – 0,02 გრ. „ბუპრენორფინი’’ და 0,6 გრ. „მეთადონი’’ 2024 წლის 30 მაისს, უკანონოდ გაასაღა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“, მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეშვიდე ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები