ე.წ ოფშორების კანონი ძალაში შევიდა

ე.წ ოფშორების კანონი ძალაში შევიდა. გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსგავსად ხელი მასაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.

,,ქართლი ოცნების” პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო აღნიშნულ კანონპროექტზე 29 მაისს დაძლია.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ,,ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა და დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება:

1.აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
2.აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;
3.საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აცხადებს, რომ ცვლილებების მიღების ინიციატივა აჩენს ეჭვს, რომ მიზანი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობაა. ორგანიზაციის 2021 წლის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენით 19 აპრილს მიიღეს, პრეზიდენტმა კი მას ვეტო 3 მაისს დაადო.

მსგავსი თემები