,,ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებენ ტერიტორიას, ვიდეოში ჩანს პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს ,,ბანდიტებს” – ხაბეიშვილი

ენმ-ის თავმჯდომარე პარტიის ოფისზე თავდასხმის ღამეს გადაღებულ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს ავრცელებს და წერს, რომ თავდამსხმელებმა ტერიტორია 10-ობით ავტომობილით დატოვეს და ისინი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააცილა:

,,ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებს ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, “იდეალის” საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს “ბანდიტების” ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ.

მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ … თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ”, – წერს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი 1 ივნისის ღამეს დაესხა თავს. ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს პარტიის ინვენტარი. ხის ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებული მოძალადეები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. თავდასხმის დროს შენობაში თანამშრომლები, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

მსგავსი თემები