,,არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ” – კალაძე

„ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ – თუ იცით რამე მიზეზი, მითხარით და მივიღებ, შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სანქციებზე საუბარი არასერიოზულია.

„როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ასანქცირებ, ამას საბაბი უნდა ჰქონდეს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ. ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არასერიოზულია სანქციებზე საუბარი. მზად ვართ, ურთიერთობები გავაღრმაოთ. იყოს მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდეს. იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, ჩვენი გზა არის ევროპა და ევროპული მომავალი. თუ რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული ამ გზაზე, ჩვენი ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამსახურებაა. ამ შემართებით და სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „სანქციებზე საუბარი არასერიოზულია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ სანქცირება იყოს აუცილებელი და საჭირო“.

„თუ იმაზეა საუბარი, რატომ მივიღეთ კანონი – პარლამენტი იმისთვისაა და მოსახლეობის უმეტესობამ იმიტომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, რომ მისი ვალდებულებაა კანონები მიიღოს, გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და შეუძლებელია ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები