,,მე ვიქნები ძალიან მკაცრი ვალდებულებების შესრულების მიმართ“ – ზურაბიშვილი

,,მესმის პოლიტიკური პარტიების წუხილი ზოგჯერ, მაგრამ ეს ვერ იქნება პოლიტიკური პარტიების ცალკეულად გამარჯვების არჩევნები”, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც ათონელის რეზიდენციაში ქართული ქარტიის ხელმოწერის შემდეგ, მიღებას ესწრებიან.

პრეზიდენტმა მათ კიდევ ერთხელ შეახსენა ოქტომბრის არჩევნების მთავარი მიზანი და მიმართა, რომ მათი საქმეა რა ფორმატით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და რომ მან ერთობის ფორმულა შესთავაზა.

,,თქვენი საქმეა, მე ვთქვი ერთხელ და ვიმეორებ, რა ფორმატში, რა ფორმატებში მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ეს თქვენი და თქვენი ამომრჩევლის საქმე არის. მე ერთადერთი გთავაზობთ ერთიან ერთობის ფორმულას, რაც არის ამ პროცესში და ამ დოკუმენტის ირგვლივ და მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ ვალდებულებების შესრულების მიმართ. ამ როლში მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, რომლისგანაც ვღებულობ გარკვეულ ნდობას იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი მოეწონათ და იმიტომ, რომ ამ დოკუმენტში ხედავენ გამოსავალს შვებას და გზას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ,,ქართული ქარტია” პრეზიდენტმა საზოგადოებას 26 მაისს გააცნო. ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს განსხვავებული ერთობის მოდელს სთავაზობს.

დოკუმენტზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, გაატარონ ევროინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა, გააუქმონ რუსული კანონები,  რის შემდეგაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს დააბრუნებენ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

ქარტიას ხელს 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს.

 

მსგავსი თემები