“ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, როდესაც ქართულ მიტინგზე გამოვიდნენ ვიღაც უცხოელები”-მეუფე იაკობი

„ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, როდესაც ქართულ მიტინგზე გამოვიდნენ ვიღაც უცხოელები. ისინი, ვინც გამოვიდნენ და ცუდი ილაპარაკეს საქართველოზე, ჩემთვის ოკუპანტივით საზიზღრები არიან, კონკრეტულად ის პიროვნებები. ეგეთი ადამიანები ტრიბუნიდან კი არა, ქვეყნიდან უნდა გაყარო ხოლმე“- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგების დრო განაცხადა.

მეუფე ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აქვს აღსადგენი და არ არის იმ ვითარებაში, რომ გადაჭრით ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს ვინმესთან-მტერთან თუ მოყვარესთან.

„ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენი გვაქვს, დავავიწყეთ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სხვისი არაფერი არ გვინდა, თუ ვერ გვეხმარებით, ხელიც არ შეგვიშალოთ წინსვლაში. ჩვენ ყოველთვის გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობები ყველასთან აბსოლუტურად. საქართველოს არ აქვს ის ფუფუნება, რომ ვიყოთ ისე, რომ ვინმესთან გადაჭრილად ცუდი ურთიერთობა გვქონდეს, არავისთან არც გვაწყობს- არც მტერთან, არც მოყვარესთან. დღეს ის სიძლიერე არ გვაქვს, ძლიერები რომ ვიყოთ, კი ვიცით ვის როგორ უნდა მოეპყრო შინ თუ გარეთ, მაგრამ დღეს ასე ვართ. უნდა მოვძლიერდეთ, ტერიტორია უნდა აღვადგინოთ და თუ ასე მოვექეცით ერთმანეთს – ვერ აღვადგენთ. ჩემთვის მთლიანად საყვარელია საქართველო და ყოველი ქართველი, რასაც არ უნდა აკეთებდეს და მტკივა ხოლმე იმათი, ვინც არასწორად იქცევა“- ქადაგებს მეუფე.

ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ მისთვის დიდი სირცხვილი იყო უცხო ქვეყნის მოქალქეების გამოსვლა ქართულ მიტინგზე.

„რა კაცობაა ან რა ქალობაა ის, შენი ქვეყნის წინააღმდეგ, სხვის მხარეს დადგე, ეს რუსი იქნება, ამერიკელი იქნება, ევროპელი იქნება, ჩინელი იქნება, თურქი იქნება, ირანელი თუ ა.შ. არც ერთი ქვეყანა არ არის დღეს მსოფლიოში ეტალონის მაგალითი. დღეს ეს წესრიგია, მსოფლიოში რაც ხდება? არეულია მსოფლიო და ყველა უნდა შევეცადოთ, რომ მშვიდობისთვის ვიბრძოლოთ, მშვიდობა იყოს ჩვენს გულებში და ქართველებს შორის იყოს მშვიდობა. ქვეყანას სჭირდება შიგნით შერიგება, აუცილებელია ეს. ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, როდესაც ქართულ მიტინგზე გამოვიდნენ ვიღაც უცხოელები. ისინი ვინც გამოვიდნენ და ცუდი ილაპარაკეს საქართველოზე, ჩემთვის ოკუპანტივით საზიზღრები არიან, კონკრეტულად ის პიროვნებები. ეგეთი ადამიანები ტრიბუნიდან კი არა, ქვეყნიდან უნდა გაყარო ხოლმე, ვინც არ უნდა იყოს. შეიძლება ევროკავშირის წევრები იყვნენ, მაგრამ არც კულტურა აქვთ და არაფერი არ აქვთ, რომ სხვა ქვეყანაში რამე არ აკეთონ“- ნათქვამია ქადაგებაში.

 

მსგავსი თემები