პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსთა ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსთა ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობას განცხადებით მიმართავს. ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დაგმონ ძალადობა და თავდასხმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე, პარტიის ცენტრალურ ოფისზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და აქტივისტებზე. ინფორმაციას ენმ ავრცელებს.

“ღრმა შეშფოთებითა და დამძიმებული გულით გწერთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით. წუხელ, აგრესიის შოკისმომგვრელი აქტი მოხდა, როდესაც 60-კაციანმა ჯგუფმა ძალადობრივი თავდასხმა განახორციელა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობას. სამართალდამცავების პასუხი ამ ძალადობაზე იყო საგრძნობლად დაგვიანებული, რამაც სერიოზული კითხვები გააჩინა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური აქტივისტების უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ. არსებული რეჟიმის პირობებში, ეს ინციდენტი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი შემთხვევიდან, როდესაც ხდება სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისა და რეპრესიების ესკალაცია“- ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქტივისტებზე მიზანიმართული თავდასხმები ხორციელდება. საუბარია სატელეფონო მუქარებზეც.

„„ქართული ოცნების“ რეჟიმის მჩაგვრელი ბუნება კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა კრემლის მიერ შთაგონებული „უცხო გავლენის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირების შემდეგ. ამას მოწმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევა, მიზანმიმართული სასტიკი თავდასხმები აქტივისტებზე, როგორიცაა დავით ქაცარავა და პოლიტიკოსები, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – ლევან ხაბეიშვილი და დიმიტრი ჩიქოვანი, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ივანიშვილის რეჟიმი ასევე ახორციელებს ათასობით მოქალაქეზე ფარული სატელეფონო ნომრებიდან მუქარასა და შეურაცხყოფას, არბევს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ოფისებს და ღებავს ლიდერებისა და აქტივისტების სახლებს წარწერებით, როგორიცაა „უცხოური აგენტები“ და „სამშობლოს გამყიდველები“- აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიტიკური ჯგუფები ასევე ამბობენ, რომ ძალადობრ ქმედებებში, ჩართულია სამართალდამცავები და მმართველი პარტიის ლიდერები.

ყველა გარემოება მიუთითებს, რომ სახელმწიფო ტერორში ჩართულია სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურები, ხოლო შემტევ ბანდებს – მათ შორის, ვინც ენმ-ს ოფისზე მიიტანა შეტევა – „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრები პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე და თბილისის მერი კახა კალაძე აორგანიზებენ. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს სახელმწიფო ტერორის ეს აქტები და მტკიცე პოზიცია დაიკავოს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევის საპასუხოდ“- ნათქვამია მიმართვში.

 

მსგავსი თემები