„არ მგონია, რომ ვინმეს მიზეზი ჰქონდეს, გაბრაზდეს, ქუდი დაიხუროს და თქვას, რომ აღარ ვაპირებ ამ სიკეთის გაკეთებასო“ – მიხეილ სარჯველაძე

„არის ცალკეული ინიციატივები, რომელიც დონორული მხარდაჭერით ფინანსდება. მაგალითად ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და ა.შ. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არ აგვერიოს ერთმანეთში, მკურნალობა, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტიპის დაფინანსებასთან და მას სახელმწიფო აფინანსებს. რაც შეეხება დანარჩენს, თუ ვინმეს ამ დრომდე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სიკეთე ეკეთებინა საქართველოში, მე პირადად, მოვუწოდებ ყველას, რომ ასეთი რამ გააგრძელონ. ასეთი, თუნდაც უცხოეთიდან მომდინარე ინტერესი, რომ ჩვენს ბავშვებს დაეხმარონ, ეს არის რა თქმა უნდა კეთილშობილური ინტერესი“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს, არ აქვთ მიზეზი ფუნქციონირება შეწყვიტონ და მოქალაქეთა დახმარებაზე უარი თქვან.

„არ მგონია, რომ ვინმეს მიზეზი ჰქონდეს, ამ შემთხვევაში, გაბრაზდეს, ქუდი დაიხუროს და თქვას, რომ აღარ ვაპირებ ამ სიკეთის გაკეთებასო. ბევრი მიზეზით უარყოფითი და არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ეს. როგორც ეს იყო მაგალითად, ბატონი ჯაფარიძის, იმ კონკრეტულ შემთხვევაში. მარტივად დგას საკითხი, უცხოური ინტერესი თუ არსებობს იმისა, რომს საქართველოში ბავშვები უკეთ გრძნობდნენ თავს, მე არ მგონია, რომ ამაში რაიმე სათაკილო იყოს. ამის გამოაშკარავება, ამისთვის ამ სახელის დარქმევა რამენაირად ხელს უშლიდეს ვინმეს, რომ იგივე გააგრძელოს. ეს არის ისეთი ინტერესი, რომელსაც არამცთუ მივესალმებით, არამედ ათჯერ მეტ მადლობას გადავუხდით“¸- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. მისივე თქმით, მიმდინარე კვირის დასაწყისში, ჟენევაში გამართულ, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, პარტნიორებთან მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა.

„ვის ვის და ექიმებს ყველაზე კარგად ესმით, მათ ჰიპოკრატეს ფიციც ავალდებულებს, რომ პაციენტის ინტერესი იყოს უპირველესი. ამიტომ ასეთ პარადოქსებს არ უნდა შეაჩეხონ რა თქმა უნდა სისტემა. როდესაც იტყვიან, რომ ხელისუფლებაზე განაწყენებული ვინმე შეძლებს და ჰუმანიტარულ მისიას შეწყვეტს – როგორ? გაბრაზდა ხელისუფლებაზე და ამის გამო ხალხი დააზიანოს? მე არ მგონია, რომ ასე ფიქრობდნენ ექიმები, ისევე როგორც არცერთი სხვა, საღად მოაზროვნე ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს ასე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები