,,აშშ-ის თანხმობა, უკრაინამ რუსეთზე დარტყმისას გამოიყენოს ამერიკული იარაღი, ეხება სუმის ოლქსაც” – მაიკლ კარპენტერი

,,აშშ-ის თანხმობა, რომ უკრაინამ რუსეთზე დარტყმისას გამოიყენოს ამერიკული იარაღი, არ ეხება მხოლოდ ხარკოვის რაიონის მახლობლად მდებარე ტერიტორიებს”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპერაციული უსაფრთხოების გამო ვერ დაასახელებს კონკრეტულ პირობებს, რომლითაც უკრაინამ შეიძლება, დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარი ეხება არა მხოლოდ ხარკოვის რაიონს, არამედ სუმის ოლქსაც.

„ეს ეხება ჩრდილოეთის მთელ რეგიონს, საიდანაც რუსული ძალები ბომბავენ უკრაინას. ადრე მათ იქიდან შეეძლოთ შედარებით უსაფრთხოდ სროლა, მაგრამ ახლა უკრაინულ ძალებს შეუძლიათ ჩვენი საბრძოლო მასალისა და იარაღის გამოყენება, რათა საპასუხო დარტყმა განახორციელონ,“ – აღნიშნა კარპენტერმა.

ცნობისთვის, მანამდე გამოცემა „პოლიტიკომ“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენმა უკრაინას ფარულად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მახლობლად. მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას ნებართვა მისცა, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით მდებარე ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის ქალაქ ხარკოვს უტევენ.

მსგავსი თემები