,,არ შეიძლება ამ კანონის მიღება ისეთ ქვეყანაში, რომელსაც უნდა გახდეს ევროპის ოჯახი” – მანჯგალაძე

,,ქართული ოცნება“ სპეკულირებდა, რომ კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობდა. ეუთო/ოდირის დასკვნა დაიდო, სადაც უამრავი სამართლებრივი არგუმენტია, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება ისეთ ქვეყანაში, რომელსაც უნდა გახდეს ევროპის ოჯახი”, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ეუთო/ოდირის შეფასებაში გაბათილებულია ,,ქართული ოცნების“ ყველა არგუმენტი, თითქოს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიზანი გამჭვირვალობა იყო.

,,ეუთო/ოდირის დასკვნა ჩვენი მიმართვის საფუძველზე ჩამოვიდა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ამ ე.წ. რუსულ კანონს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, უფრო მეტიც, პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებს. დასკვნაში გაბათილებულია ყველა არგუმენტი ,,ქართული ოცნების“, თითქოს მათი მიზანი იყო გამჭვირვალობა და სხვა რამეს არ ისახავდა მიზნად. აქ დეტალურადაა აღწერილი, რომ ამ კანონს, ამ რუსულ კანონს, მართლა არაფერი აქვს საერთო არც ამერიკულ ,,ფარასთან“, არც ავსტრალიურ კანონთან, რომელზეც იყო საუბარი, და პირდაპირაა საუბარი, რომ დაფინანსების წყაროს მიხედვით, ადამიანის უცხოეთის სამსახურში მყოფ, ან აგენტად გამოცხადება არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

ასევე, გაბათილებულია არგუმენტები, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არ არის მიზნის მიღწევის საშუალება და შემოთავაზებულია, თუ სხვა საკითხები დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, უნდა შევიდეს შესაბამის კანონში და ადამიანების სტიგმატიზება არ უნდა მოხდეს. ,,ქართული ოცნება“ სპეკულირებდა, რომ არ არსებობდა სამართლებრივი არგუმენტები. უამრავი სამართლებრივი არგუმენტია ამ დასკვნაში, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება ისეთ ქვეყანაში, რომელიც უნდა გახდეს ევროპის ოჯახი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასკვნა 30 მაისს გამოაქვეყნა.

მსგავსი თემები