,,დადგა დრო, განვიხილოთ ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა, რომ უკრაინას საშუალება მიეცეს, რეალურად დაიცვას თავი” – სტოლტენბერგი

პრაღაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გრძელდება, რომელშიც მონაწილეობას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც იღებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკრაინის თხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რომ კიევმა დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენოს რუსეთში სამიზნეებზე დარტყმისთვის.

მისი თქმით, უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ უკრაინის ფარგლებს გარეთ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება, რათა თავი რეალურად დაიცვან.

,,მოკავშირეები უკრაინას აწვდიან სხვადასხვა ტიპის სამხედრო მხარდაჭერას და ზოგიერთმა მათგანმა დააწესა გარკვეული შეზღუდვები ამ იარაღის გამოყენებაზე. ეს არის ეროვნული გადაწყვეტილებები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა ეს ომი, გარემოებებიც შეიცვალა. თავიდან თითქმის ყველა ბრძოლა მიმდინარეობდა უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ახლა, ბოლო კვირები და თვეებია, მძიმე ბრძოლების უმეტესობა რეალურად საზღვრის გასწვრივ მიმდინარეობს – რუსეთსა და უკრაინას შორის, ხარკოვის რეგიონში.

აქ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები შეიძლება იყვნენ საზღვრის რუსულ მხარეს, ფრონტის ხაზთან ახლოს. მათ შეუძლიათ იყვნენ იქ თავიანთი არტილერიით, რაკეტების სასროლი დანადგარებით, თვითმფრინავებითა და საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავებით და იყვნენ სულ მცირე უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ისინი იქნებოდნენ, უკრაინას რომ მნათზე თავდასხმის უფლება ჰქონდეს ყველაზე მოწინავე იარაღით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დადგა დრო, განვიხილოთ ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა, რათა უკრაინელებს საშუალება მიეცეთ, რეალურად დაიცვან თავი.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ეს – ეს არის ომი, რომელიც წამოიწყო მოსკოვმა საკუთარი სურვილით უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი შეიჭრა სხვა ქვეყანაში, შეიჭრა უკრაინაში და უკრაინას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თავდაცვის უფლება აქვს. ეს უფლება კი მოიცავს აგრეთვე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმას უკრაინის ფარგლებს გარეთ,” – განაცხადა სტოლტენბერგა.

მსგავსი თემები