„კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილმა ფოთლებმა და ტოტებმა გამოიწვია“-მერია

“თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთოდა სეტყვა და გრიგალი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს, ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები”- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

მერიის ინფორმაცით, უხვი ნალექი განსაკუთრებით აღინიშნებოდა დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში. რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე. გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, გრიგალის შედეგად წაქცეულმა ხემ დააზიანა კომუნიკაციები.

დედაქალაქის მერიაში, სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ წერეთლის გამზირის კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა გამოწვეული იყო სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილი დასეტყვილი ფოთლებითა და ტოტებით.

“სოციალურ ქსელებში და რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა დატბორილი წერეთლის გამზირის ამსახველი ვიდეომასალა, კონტექსტით, თითქოს სანიაღვრე სისტემა გაუმართავია და ვერ ატარებს წყლის ნაკადს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წერეთლის გამზირზე არსებული სანიაღვრე სისტემა მუშაობს გამართულად. წყლის დიდი ნაკადის თავმოყრის გარდა, წერეთლის გამზირის კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა გამოწვეული იყო სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილი დასეტყვილი ფოთლებითა და ტოტებით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით და შლამით“- ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, მას შედეგ, რაც შესაბამისმა სამსახურებმა გაწმინდეს ცხაურები, წყლის ნაკადი სანიაღვრე სისტემამ სრულად გაატარა.

 

მსგავსი თემები