„სამწუხაროა პრემიერ – მინისტრის პოლიტიკური განცხადებების დეგრადაციის ყურება“- უკრაინის საგარეო უწყება კობახიძეზე

„სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან“-  ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში ამბობენ, რომ ისინი გმობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „არამეგობრულ“ განცხადებას. ასევე, აღნიშნავენ, რომ კობახიძე  უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ამახინჯებს.

„უკრაინისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაურის ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობასთან და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია. არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ მხოლოდ რუსეთია, რომელიც მოღალატურად თავს დაესხა ჩვენს მიწას, პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების განადგურებაზე. სამაგალითოა, რომ სიტყვა “რუსეთი” საქართველოს ოფიციალური პირის განცხადებაში ერთხელაც არ იყო ნახსენები“- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას რუსულ ნარატივებს იმეორებს.

“რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ქართველ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებებისგან, რომლებიც რუსულ ნარატივებს იმეორებენ და უკრაინას საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებენ.

უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერებისთვის მისწრაფებების მხარდაჭერას” – წერია განცხადებაში.

 

 

 

მსგავსი თემები