ოპოზიციის ბოიკოტის გამო ლევან დავითაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით აღარ მოუსმენენ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გამო, ხვალ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის პარლამენტში ინტერპელაციით წესით მოსმენა აღარ შედგება. მან ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის დამოკიდებულებას საპარლამენტო მუშაობასთან.  როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 26 ოქტომბერს ოპოზიცია საქართველოს მოქალაქეებისგან სასტიკ პასუხს მიიღებს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ბოიკოტი მოქმედებს და შეიძლება გამოცხადდეს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. საპარლამენტო საქმიანობისთვის, პლენარული სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადება, ეს ოპოზიციის გარკვეული ტრადიციაა და ახლა საერთოდ ახალ მწვერვალს მიაღწიეს – საკუთარ საკითხს, ინტერპელაციას გამოუცხადეს ბოიკოტი. მათ მიერ დაყენებულ საკითხს, რომ მინისტრი მოსულიყო და „კრიტიკის ქარცეცხლში“ უნდა გაეტარებინათ, ამ საკითხს გამოუცხადეს ბოიკოტი. ეს მგონი, მსოფლიო საპარლამენტო ისტორიისთვის უნიკალური შემთხვევაა, მაგრამ რა ვქნათ? ასეთ მდგომარეობაშია დღეისათვის ოპოზიცია და ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისგან სასტიკ პასუხს მიიღებენ“- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

მსგავსი თემები