“ნუ უხეთქავთ ხალხს გულს, არავინ მკურნალობის გარეშე არ დარჩება”- ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებზე

„ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობით ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მწვავე დაავადებებთან ბრძოლას და ა.შ. ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, იმიტომ რომ სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას აფერხებს.

მინისტრის თქმით, არავინ არ დარჩება მკურნალობის გარეშე.

„ვინც ეხმარება ხალხს და ქველმოქმედებას ეწევა, არავისთვის არ შექმნილა რაიმე მიზეზი, რომ ხელი აიღოს ქველმოქმედებაზე. ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს, განახორციელებს უპრობლემოდ. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე მკურნალობის გარეშე შეიძლება დარჩეს ნუ უხეთქავთ ადამიანებს გულებს, არავინ მკურნალობის გარეშე არ დარჩება“- აღნიშნა მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის უპრეცედენტო პროგრამა, 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. პროგრამა მოიცავს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო, ბენეფიციარებს, ყველა საჭირო სერვისს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ უფინანსებს. პროგრამაში, ჩართულია 3 ქვეყნის: თურქეთის, ისრაელის, ესპანეთის 6 წამყვანი, მაღალტექნოლოგიური კლინიკა. პროგრამით უკვე 89 ბავშვმა ისარგებლა.

ჯანდაცვის მინისტრის ერთი წლის ანგარიშსს პარლამენტში ამ წუთებში უსმენენ.

მსგავსი თემები