„გინახავთ ადამიანი ვინც ჩვილი სამკურნალოდ რუსეთში ან ირანში წაიყვანა? „- ორგანიზაცია „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“ მუშაობას წყვეტს

„ჩვენი ორგანიზაცია იყო და არის ევროპული ღირებულებების მატარებელი! ჩვენი დაარსების დღიდან ამომავალი წერტილი იყო ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები და მათი პირველადი, სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების მიღებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში!“ -ამის შესახებ განცახდებას, ორგანიზაცია „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“, ავრცელებს.

მათი განმარტებით, ევროპამ გადაარჩინა ასეულობით ონკოპაციენტი ბავშვი, ე.წ   „რუსული კანონის“ მიღებით კი დავშორდით ევროპულ ჯანდაცვას.  როგორც ისინი ამბობენ, ორგანიზაცია ვერ გააგრძლეებს ასეთ სიტუაციაში მუშაობას და ვერ შეძლებენ ბავშვების დახმარებას.

„ევროპული ჯანდაცვა არის ის რისთვისაც ვიბრძვით! ევროპამ გადაარჩინა ასეულობით ონკოპაციენტი ბავშვი მაშინ, როცა საქართველოში მათი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა. ევროპა ესახება იმედად ყველა მშობელს რომლის შვილიც სიცოცხლისთვის იბრძვის საქართველოში თუ თურქეთში. ევროპა ითვლება ყოველთვის გამოსავლად სასოწარკვეთილი მშობლისთვის, ის ცივილიზებული სამყარო, რომელსაც დავშორდით რუსული კანონის მიღებით.

როგორც ჩანს ჩვენს მთავრობას პარტნიორებად ესახება ისეთი ქვეყნები როგორიცაა რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ა.შ.  გინახავთ ადამიანი ვინც ჩვილი სამკურნალოდ რუსეთში ან ირანში წაიყვანა?  ამ კანონის მიღება არის ბოროტება ყველა იმ ბავშვის მიმართ ვისაც შეექმნება პრობლემა ევროპაში და შეფერხდება მისი მკურნალობა ჩვენი მთავრობის ქმედებების გამო!  ბოროტებაა ყველა იმ ბავშვის მიმართ ვინც ვერ წავა ევროპაში და ვერ მიიღებს უმაღლესი ხარისიხს სამედიცინო მომსახურებას, მაშინ როცა მილიონრების შვილები ისევ იფრენენ თითის ატკიებაზეც ევროპის და ამერიკის კლინიკებში“- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დღეს ჯანდაცვის სისტემის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ჯანდაცვის სისტემის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან არის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის მიზანი. დღეს ეს მიზანი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.  ვის ამარა ვტოვებთ ბავშვებს?! რუსეთის?! ქვეყნის რომელმაც უკრაინაში ბავშვთა ონკოლოგიური გამყოფილება გამიზნულად დაბომბა? ჩვენი ორგანიზაცია არსებობს სწორედ ამერიკელი და ევროპელი ხალხის მხარდაჭერით! დღეიდან ეს მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“-ამბობენ ორგანიზაციაში.

„ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“ არ აპირებს რეგისტრაციას „უცხოური ძალების გავლენების აგენტად“ რეგისტრში.

 

 

 

მსგავსი თემები