ლაგოდეხში, ჩანჩქერში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს

ლაგოდეხში, ნინოსხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის ექსკურსიიდან წასული 16 წლის გოგონას ძებნის სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა. რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, გუშინ მოზარდი ვერ იპოვეს.

ამ წუთებში მიღებული ინფორმაციით, უკვე ცნობილია ადგილი, სადაც შესაძლოა გოგონა იყოს გაჩხერილი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გოგონას ფეხი ჩაუცურდა და ჩანჩქერში ჩავარდა, რომელიც შემდეგ დინებამ წაიღო. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც ჩაერთვნენ.

გოგონა თბილისის კერძო სკოლა “ალბიონის” მოსწავლე იყო. მოსწავლეები ლაგოდეხში ექსკურსიაზე იყვნენ წასულები.

როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთზე ბილიკი დაზიანებულია და სტუმრებს ალტერნატივას სთავაზობენ.

“ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს. ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმედებაში გამოიხატა, დღეს, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა. დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები” – ვკითხულობთ განცხადებაში.





მსგავსი თემები