„რუსეთი ოკუპანტი არ არის“ – ამ სიტყვებით გვილოცავს რუსეთის დელეგაცია 26 მაისს ბათუმიდან

საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავზე, ბათუმმა თავი განსაკუთრებით შეირცხვინა. ოფიციალურად მოწვეულმა რუსეთის მოქალაქეებმა დამოუკიდებლობის დღე „რასია“, „რასიას“ შეძახილებითა და პლაკატებით, ბათუმის ცენტრალური გამზირიდან მოგვილოცა. ეს ის დელეგაციაა, რომლის საქართველოში მომწვევი ბათუმის სპორტის, განათლებისა და კულტურის სამინისტროა.

ინგა შამილიშვილი სწორედ იმ უწყების მინისტრი იყო, რომელმაც რუსულ პლაკატებსა და „რასია“, „რასიას“ შეძახილში პრობელემა ვერ დაინახა. მინისტრისგან განსხვავებით, პრობლემა დაინახა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მისი მინისტრთა კაბინეტიდან მინისტრი დაუყოვნებლივ დაითხოვა.

ბათუმის ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეებმა, მოსკოვის დასის მონაწილეობით, ბათუმის ცენტრში სანახაობრივი მარში მოაწყო. მსვლელობის მონაწილეები რუსეთის დროშითა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული ტანსაცმლით მარშირებდნენ. ფესტივალის ორგანიზატორი კი სწორედ აჭარის განათლების სამინისტრო იყო.

რუსეთის მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და ისინი საქართველოში ჩვენთვის ამ დღის მოსალოც ჩამოვიდნენ.

აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სამინისტროს ეკისრება.

„ჩვენ წინაპრების ბრძოლის და თავგანწირვის შედეგად, ჩვენი ქვეყანა დღეს თავისუფალი და დამოუკიდებელია, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება. ყველა თაობის ვალია, ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ეს ჩემთვის სამწუხაროა. პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი“,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.





მსგავსი თემები