,,გამიკვირდა, რომ ირანში დაკრძალვის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი” – ისრაელის ელჩი

,,გამიკვირდა, რომ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაკრძალვის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი”, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა განაცხადა.

„ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ბევრი სისხლი აქვთ ხელებზე. ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას და აარსებდნენ, ქმნიდნენ, აფინანსებდნენ, აღჭურავდნენ, წვრთნიდნენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში.

როგორც „ჰამასის“ მფარველებს, მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ გენოციდის აქტებზე, რადგან მათ აღჭურვეს „ჰამასი“ იარაღით და ასწავლის მათი გამოყენება. რაისის მეტსახელი თეირანში მისი ე.წ. ხალხის მიერ არის “ყასაბი თეირანიდან”. ეს ის კაცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოგვრჩეს ირანის წარსული მცდელობები, განეხორციელებინა ტერაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ ეს დაკრძალვა, ვნახეთ ვინ დაესწრო მას, ვნახეთ „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები. გამიკვირდა, რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს გასაკვირი იყო”, – განაცხადა ელჩმა ,,ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე “ჰეზბოლას”, “ჰამასისა” და “თალიბანის” ლიდერებთან ერთად, ირანის პრეზიდენტის სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობდა. ის და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თეირანში 22 მაისს იმყოფებოდნენ.

მსგავსი თემები