,,ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი” – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არაღიარების პოლიტიკის კუთხით რისკებზე საუბარი არის მუქარა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, კონკრეტული აქტორების მხრიდან გაცემული დავალებაა.

„წარმოუდგენელი და შემაშფოთებელი იყო ეს განცხადება. რა თქმა უნდა, მას შესაბამისი პასუხი გაეცა. შალვა პაპუაშვილმა ძალიან კარგი განმარტება გააკეთა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის იმ კონკრეტული დეპუტატის მოსაზრება. ეს არის დავალება. საიდან და როგორ, ამაზე ახლა ვერ გიპასუხებთ. მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ეს კონკრეტული აქტორების მხრიდან გაცემული დავალებაა. ეს არის ჩვეულებრივი მუქარა. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი.

დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დროებით ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, მაგრამ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკითა და ნაბიჯებით, შევძლებთ, რომ პირველ რიგში, გავაძლიეროთ ქვეყანა, გავძლიერდეთ ეკონომიკურად და შემდეგ მოვახერხოთ გამთლიანება. ნებისმიერი ქართველისთვის, ვისაც სამშობლო უყვარს, არის პრიორიტეტი, რომ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები