,,ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა” – კალაძე

თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ კომენტარს ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა.

„ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ ასეულობით ადამიანი იდგა, მშვიდობიანად გამოხატავდა თავის მოსაზრებას. ეს მათი უფლებაა, არავინ ზღუდავს ამაში. არ გვინახავს და არ არსებობს, რომ პოლიციის მხრიდან ყოფილიყო რაიმე ქმედება, თუმცა იყვნენ ისეთი მოქალაქეებიც, ვინც ისვროდა ბოთლებს, ქვებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, ამას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყოველთვის მოყვება რეაგირება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი და ალეკო ელისაშვილი თვითონ შევარდნენ პოლიციის კორდონში.

„ლევან ხაბეიშვილი, ალეკო ელისაშვილი – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიციის კორდონში შევარდნენ. მეტიც, გვახსოვს ალეკო ელისაშვილის განცხადებები, როგორ მოუწოდებდა მოქალაქეებს, შევარდნილიყვნენ და იქ დესტრუქცია გამოეწვიათ. არ არის სწორი ამგვარი ქმედებები. თავისუფლად აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს და ვიმეორებ, ამას არავინ ზღუდავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები