,,ეს არის შანტაჟი, ამას არ გავატარებთ” – ანრი ოხანაშვილი მიხეილ დაუშვილს

,,ძალიან მძიმეა უსმინო ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი შეიძლება გადაიხედოს. ეს არის თქვენი პირით გაჟღერებული საკითხი, რომელიც არის შანტაჟი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ეს არის უმძიმესი განცხადება და ყველას გადაეცით, რომ ჩვენ ამას არ გავატარებთ და ამაზე გვექნება ძალიან მძიმე რეაქცია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის მიხეილ დაუშვილის საპასუხოდ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ის, რაც მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, ოკუპანტის ინტერესია და სხვა არაფერი.

„ამ ადამიანმა დღეს იკადრა შემდეგი რაღაც, რომ თურმე ჩვენმა პარტნიორებმა რომ აღიარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ეს შეიძლება გადაიხედოს იმის გამო, რომ ვინმე გიგაური, ვინმე ლომჯარია და ვინმე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი გამჭვირვალედ მუშაობდნენ ამ კანონის შესაბამისად.

აი, ამის გამო, რომ მათ საქმიანობას გამჭვირვალობა არ შეეხოს, ამის გამო შეიძლება გადაიხედოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭრაო. ეს რა განცხადებაა, თქვენ წარმოგიდგენიათ საერთოდ? ანუ, რას გვეუბნებით, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დამოკიდებულია კონკრეტულ გამჭვირვალობის საკითხზე ამ ადამიანების, ამ ორგანიზაციების? კიდევ ერთხელ, თუ გსურთ, რომ ბოდიში მოიხადოთ ჩვენი საზოგადოების წინაშე, მე თქვენი ბოდიში არ მინდა, ეს უმძიმესი განცხადება, რაც ახლა თქვენ გააკეთეთ, მე ვფიქრობ, რომ განზრახ, იმიტომ, რომ შემდეგ იგივე გაიმეორეთ, თუ გნებავთ, რომ ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ხალხს, რომ აბსოლუტურად ისეთი რამ იკადრეთ, რომელიც არ უნდა გაგეკეთებინათ, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დააყენეთ კითხვის ნიშნის ქვეშ. დაუშვით, რომ თურმე შეიძლება დადგეს ერთი კანონის გამო, გადახედონ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. ანუ, სავაჭრო საგანია ტერიტორიული მთლიანობა? ერთი ერთში ეს ითქვა. თუ გნებავთ ამაზე ბოდიშის მოხდა, მე მოგცემთ სიტყვას. თუ გნებავთ ამაზე ბოდიშის მოხდა ხალხის წინაშე, ბრძანეთ.

ქვეყანას აზიანებთ, ამის უფლებას ვერ მოგცემთ. ქვეყანას აზიანებთ ამ თქვენი შეთანხმებული განცხადებით, რომელიც თქვენ გაგაჟღერებინეს. ეს არის ოკუპანტის ინტერესი, რასაც თქვენ ამბობთ. სხვა არაფერი არ არის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები