დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა – ცოფის ვირუსის საპრევენციოდ ცხოველთა გადაცრა დაიწყო

იქიდან გამომდინარე, რომ ცოფი საქართველოსთვის ენდემური დაავადებაა, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს საკუთარ შინაურ ცხოველებს რევაქცინაცია ჩაუტაროს. რაც შეეხება მიუსაფარ და მიკედლებულ ცხოველებს, მათზე სააგენტო თავად იზრუნებს. ცოფის ვირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა და ექიმ ვეტერინარმა ნოდარ მაღრაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს.

„გამომდინარე სეზონიდან, რისკი ცოფთან დაკავშირებით იმატებს, თუმცა, საბედნიეროდ, შარშან, თბილისის მასშტაბით მხოლოდ 4 შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ცოფი საქართველოსთვის ენდემური დაავადება. თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ძაღლი გვიკბენს, იქ ჭრილობას დავიმუშავებთ და მარტივად გავაგრძელებთ ცხოვრებას, მაგრამ საქართველოს რეგიონების შემთხევაში მთელი რიგი საფრთხეები ახლავს დაკბენას, დაკაწვრას ან დადორბვლას. თუ რომელიმე ცხოველი განახორციელებს დაკაწვრას, დადორბვლას ან დაკბენას, აუცილებლად ანტირაბიოლოგს უნდა მიმართოთ“ – აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, თუ დაკბენა თითებისა და სახის არეში ხდება, რისკი იზრდება.

„თუ დაკბენა ხდება თითების და სახის არეში, რისკები უფრო მაღალია. თუ დაკბენა იმ არეებს ეხება, სადაც ნერვული დაბოლოებებია, მაშინ 48 საათი არის კრიტიკული დრო, ამის შემდეგ, შეიძლება, ჩარევა დაგვიანებულიც იყოს. გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს, მაგრამ ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ“ – აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ.

შესაბამისად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს და ურჩევს, მსგავს შემთხვევებში რაბიოლოგს აუცილებლად მიმართოს.

„მოსახლეობა იმ ქუჩის ცხოველებს ენდობა, რომელსაც სპეციალური ნიშანი აქვს. მართალია, ეს ნიშანი ნიშნავს, რომ ცხოველი ცოფზე აცრილია, თუმცა, ერთხელ აცრა არ ნიშნავს, რომ ცოფის ვირუსისგან დაცულები ვართ. ერთჯერადი აცრა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ცხოველი აცრიდან ერთი წლის განმავლობაში უსაფრთხოა, მაგრამ, შემდეგ, შეიძლება, ცხოველი არ იყოს უსაფრთხო. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა დავიწყოთ რეაგირება, მიმვართოთ რაბიოლოგს, თბილისის შემთხვავაში კი მიმვართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, რომელიც, ცხოველს 10 დღიან დაკვირვებაზე გადაიყვანს და სრული სურათი გვეცოდინება, რის შესაბამისადაც მოვიქცევით“ – აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები