ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“- სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა.

ფაშინიანი წერილში აღნიშნავს, რომ სომხეთ-საქართველოს შორის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა.

„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეგობარ საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარება ყველა სფეროში სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ ამ ბაზის სრულად გამოყენებას ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოებისთვის“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე ნაყოფიერი დისკუსიების მნიშვნელობას, რომელიც ერევანში, მიმდინარე წლის მარტში გაიმართა.

„დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ცივილიზაციურ საზოგადოებას, მოემსახურება ჩვენი ორი სახელმწიფოსა და რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ მეგობარ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ახალ მიღწევებს“, – წერს ფაშინიანი.

 

მსგავსი თემები