სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვეულმფრენმა დაუგეგმავი დაშვება განახორციელა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, სომხეთის მთავრობის მეთაურის შვეულმფრენი ვანაძორში დაფრინდა. მთავარ მიზეზად უამინდობა დასახელდა.
„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ მანქანით მგზავრობას”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანი მოგვიანებით ტავუშის რეგიონში ჩავიდა, სადაც სოფელ ბაგანისის სკოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
24 მაისს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარებმა დაიწყეს სახელმწიფო საზღვრის შემოსაზღვრული მონაკვეთების დაცვა ბერქაბერის, ვოსკეპარისა და ბაგანისის დასახლებებში.