,,დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ვინ ვარ – ქართველი პოლიციელი თუ რუსული ძალის მსახური?”, – ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე პოლიციელების მიერ ნაცემმა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ პოლიციელებს.
,,ჩემო მეგობრებო,
მინდა მივმართო ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც სიტყვა „საქართველო“ და სიტყვა „სამშობლო“ ოლიგარქის ბინძურ ფულზე მეტს ნიშნავს.
მინდა მივმართო ჩვენს ქართველ პოლიციელებს. მათ, ვისაც მე დიდ პატივს ვცემ, მათ, ვინც რუსებთან ომის დროს უკან არ დაიხია, მათ, ვისაც ვიცი – რუსეთის იმპერია ჩემზე ნაკლებად არ სძულს.
ძმებო, მე არ ვიცი, რა ტყუილებს გიყვებიან რუსი პროპაგანდისტები ყაზარმებში, მაგრამ თუ რუსული ოცნების მთავრობას ამ კანონის მიღებას შევარჩენთ, ყოველი თქვენგანის, თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე გაუარესდება როგორც მატერიალურად, ასევე სამართლებრივად.
ჩვენი ბრძოლა დღეს თქვენი ბრძოლაა, თქვენთვის ბრძოლაა, ჩვენი საერთო სამშობლოს, საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თქვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლაა.
დადგა დრო, ყოველმა თქვენთაგანმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ მხარეზე დგას.
- დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ვის მხარეზე ვარ – ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, სამასი არაგველის, ქართველი იუნკრების, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, აფხაზეთის ომის გმირების, გიორგი ანწუხელიძის, უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირების თუ – კოლექტიური ბერბიჭაშვილების მხარეზე?
- დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ვინ ვარ – ქართველი პოლიციელი თუ რუსული ძალის მსახური?
ბიჭებო, ჩემო ძმებო, გაიხსენეთ პოლიციელის ფიცი, დაიცავით ის, რაც იქ წერია: ადამიანის უფლებები, კანონიერების პრინციპები, არ დაუშვათ დისკრიმინაცია, დაიცავით კონსტიტუცია იმ პარლამენტისგან, რომელმაც ის დაარღვია, ემსახურეთ მხოლოდ სამშობლო საქართველოს და საზოგადოებას.
დადექით ხალხის მხარეს, ერთად შევაჩეროთ მცოცავი ოკუპაცია, ერთად ავაშენოთ დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო.
დავდგეთ ერთად და ვერცერთი მტერი ვერ დაგვამარცხებს.
იმიტომ, რომ ძალა ერთობაშია!
იმიტომ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”, – წერს ქაცარავა.