ქართველი სტუდენტები და ემიგრანტები 26 მაისს ბერლინში მორიგ აქციას გამართავენ. ღონისძიების ორგანიზატორია მოძრაობა “გზა”.
,,26 მაისს ორგანიზაცია გზა-GZA (Georgisches Zentrum im Ausland) ატარებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქალაქ ბერლინში.
26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და სოციალური სახელმწიფოს შენებას. ამ დღემ ჩვენ მოგვცა პირველი კონსტიტუცია, რომელიც მოწინავე იყო მაშინდელ სამყაროში.
დღეს ამ თარიღის აღნიშვნა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან რუსეთი ჩვენი ხელისუფლების მეშვეობით ცდილობს წაგვართვას ჩვენ მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და გაგვწიროს მრავალწლიანი უიმედობისთვის.
დღეს, როდესაც საქართველოს საელჩოები უარს ამბობენ აღნიშნონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, გვინდა მოგიწოდოთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, 26 მაისს 14 საათზე მოხვიდეთ ბერლინერ დომთან, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს დღე, ერთად ვუთხრათ არა რუსულ რეჟიმს და მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული და ამის განხორციელებაში ვერავინ ვერასოდეს შეგვიშლის ხელს!”, – წერია განცხადებაში.