„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების განხილვისას უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების შეფასებები მიეცა საბიუჯეტო პარამეტრების განხორციელებაში მიღწეულ დადებით დინამიკას. სახელდობრ, აღინიშნა ასიგნებების ხარჯვის მაღალი პროცენტული მაჩვენებლები საშუალოვადიანი პრიორიტეტული გეგმებით მიღწეული შედეგების, შემოსულობებისა და გადასახადების, რიგი ეკონომიკური მუხლების მიხედვით სახსრების პროგნოზირებადი ხარჯვის დადებითი ტენდენციები წინა წლების მონაცემებთან შედარებით.
ამასთან ერთად, ხაზი გაესვა აფხაზეთის მთავრობის სამინისტროების კონტროლის ქვეშ მომუშავე მიზნობრივი პროგრამებისა და ქვეპროგრამების, სსიპ-ისა და ა(ა)იპ- ის, რიგი სხვა ორგანიზაციული კოდით დაზუსტებული გეგმების რეალიზაციის დროს საკასო შემოსულობების არასაკმარისი მაჩვენებლების ჯერ კიდევ არსებობას. გამოითქვა მოსაზრებები ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და კულტურის სამინისტროების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობის მხრიდან საბიუჯეტო პარამეტრების დაგეგმვა – შესრულების საკითხებისადმი მეტი პრინციპულობის გამოჩენის აუცილებლობაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აღმასრულებელი სტრუქტურების საფინანსო – საბიუჯეტო საქმიანობაში კოლექტიური და ინდივიდუალური მენეჯმენტის ჰარმონიზაციის შემდგომი სრულყოფის შესახებ“ – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ.
პლენარულმა სხდომამ ცნობად მიიღო 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციები და გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით დაამტკიცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წარმოდგენილი ანგარიში.