მოკლული ჩვილის დედა დაკავებულია, ჩვილის მამასაც პატიმრობა ემუქრება

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას პატიმრობა შეუფარდეს. ის, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება ჩვილის მამას, მან მომხდარი ტრაგედიის შესახებ დღეს მედიასთან ისაუბრა. შესაძლოა, გამოძიებას კითხვები ჩვილის მამასთანაც გაუჩნდეს. შემთხვევა სოფელ აღაიანში მოხდა. მამამ საკუთარი 7 თვის შვილი საწოლში გაგუდული იპოვა, დედა კი არსად ჩანდა.

საქმეში შსს ჩაერთო, სახლიდან გაქცეული არასრულწლოვანი დედა კი თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად იპოვეს. ეს ყველაფერი ღამით მოხდა. საქმეში საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

ბრალდებული არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და კანონმდებლობით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. როგორც შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის დედის ადვოკატი – ქეთევან გაგოევი აცხადებს, სასჯელს ეთანხმება, რადგანაც, დაკავებულისთვის, ეს, ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალია.

„დავეთანხმეთ პატიმრობის გამოყენებას. ჩვენ შევთანხმდით დასაცავ პირთან და ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე ასე არის მისთვის საჭირო“,-აცხადებს ადვოკატი ქეთევან გაგოევი.

რას შეეხება დაპატიმრებული არასრულწლოვანის მეუღლეს, მას შესაძლოა ბრალი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების მუხლით წაუყენონ. დაკავებული გოგონა, ორსულობის დადგომის დროისთვის 16 წელს მიუღწეველი იყო, რაც სსკ-ის 140-ე მუხლით დასჯადია.

მსგავსი თემები