ლიეტუვის სეიმი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საპასუხო ზომები განიხილონ. ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის (სეიმი) მიერ “საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ” მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნული. ლიეტუვის პარლამენტი, ასევე, შეშფოთებას გამოხატავს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით.
„ლიეტუვის პარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება ქართული საზოგადოების მისწრაფებებს და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ქვეყნის მიერ გამოცხადებულ მიზნებს და შესაძლოა სერიოზული გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციისა და დემოკრატიისთვის;
ლიეტუვის პარლამენტი მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს საზოგადოებისადმი მათი სამოქალაქო პოზიციისა თავისუფლად გამოხატვისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაში“- ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში მკაცრად არის დაგმობილი მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დემონსტრაციის გამშუქებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება. ლიეტუვის სეიმი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებული კანონი, უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება.
“ლიეტუვის პარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს საპასუხო ზომების შესაძლებლობა განიხილონ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, გააგრძელებს ამ კანონის ჩანერგვას, და გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დევნას”, – ნათქვამია რეზოლუციაში.