ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა. მღვდელმთავარმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებზე და აღნიშნა, რომ მათ ქვეყნის შიგნით სიტუაცია არ უნდა დაძაბონ. მეუფე იაკობმა ქადაგებისას ისაუბრა სწორად მოქცევასა და ქართველი ხალხის არჩევანზეც.
„რომ არიან დიდი ერები, დიდი იმპერიები ისინიც უნდა გამოხატავდნენ სიმდაბლეს. არ შეიძლება, როდესაც ერთმანეთთან ურთიერთობები გვაქვს, ისე მოვექცეთ, როგორც ვექცევით-ხოლმე – დიდმა ჩათვალოს, რომ პატარაა და ზემოდან უყუროს. ღვთის წინაშე ყველა აბსოლუტურად თანასწორია, ადამიანი იქნება თუ ერი და ამიტომ, არავის აქვს უფლება, ერთმა მეორე დაჩაგროს.
თუ ვინმემ იმპერიის დაშლაზე რამე მსხვერპლი გაიღო, ეს იყო ჩვენი ერი. იმის შემდეგ, რაც გამოვეყავით, შეხედეთ, ჯერ რუსებმა მოგვიწყვეს თბილისის ომი, შემდეგ იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონში ომები. შემდეგ მაგასაც არ დასჯერდნენ და 2008 წლის ომი მოხდა.
რა უნდა გააკეთოს საქართველომ მეტი, რომ აქეთ ვიღაც უსინდისო ადამიანებმა, შიგნით თუ გარეთ, რუსი არ გიძახონ?! უცხოელს მით უმეტეს არ აქვს უფლება, ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს. მას შეუძლია რაღაცით დაგველაპარაკოს. ვთხოვდი უცხოეთს, აბსოლუტურად სწორად მოგვექცნენ – საბოლოო ჯამში, ვის საქმეს ვაკეთებთ?
ვითომ, ქართული საქმე კეთდება და როდესაც სამშობლოს ებრძვი, რეალურად მაგით რუსის საქმე კეთდება და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ამიტომ, ბოლო წლების ურთიერთობებს რასაც ვუყურებ, ევროკავშირი იქნება თუ სხვა ქვეყნები, თუ ჩვენ ვიქნებით, ერთმანეთთან არასწორად ვიქცევით-ხოლმე, მაგრამ ეს ჩვენ არ დაგვიწყია. კეთილი ინებონ და თუ მართლაც ქართველი ხალხი აინტერესებთ, გვკითხონ, რა გვინდა და როგორ გვინდა. ჩვენ გვინდა მსოფლიოსთან ერთად დგომა და არა ისე, თვითონ რომ ცუდს აკეთებს, ის გაამართლოს და რადგანაც ძლიერია, კარგიაო თქვას, ჩემზე ყველაფერი ცუდი იძახოს.
ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მივმართავ, ფრთხილად იყვნენ. ვიცი, რომ კარგი უნდათ – აბა, ცუდი ვის უნდა?! არ გამოდგეს, რომ რუსის საქმე აკეთონ, რადგან დღეს თუ დაფინანსებულები არიან და უცხოეთიდან ფინანსდებიან – აქციაა თუ რაც არის, ძალიან ადვილად შეიძლება მერე იმ აქციებში უცხოეთმა, სხვა ქვეყნებმა ისე, რომ ფული არ ჩადონ, თავიანთი ხალხით ყველას საწინააღმდეგო აკეთონ. ამიტომ, სიფრთხილე გვმართებს.
როდესაც ახალგაზრდა ხარ და რაღაცაზე ფიცს დებ, იმდენი ჭკუა უნდა გქონდეს, რომ ისტორია წაიკითხო და იმათი მომავალი არ იყო – ილიას სიტყვებს შეცვლა რად უნდა?! „მამული, ენა, სარწმუნოება“. ეს სამება გვაქვს, ისევე როგორც ღმერთი სამშობლო, ადამიანი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.