„დაიცავი საქართველო“ ზურგის ქარი იქნება“ – ვატო შაქარაშვილი

თბილისის საკრებულოს წევრი, ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ აქტივისტი ვახტანგ შაქარაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ზურგის ქარმა“, პოლიტიკურ სპექტრს 2020-ის არჩევნებისთვის მისი კანდიდატურაც შესთავაზოს. როგორც ვატო შაქარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ორგანიზაცია პოლიტიკურ სუბიექტად არ გადაკეთდება და ის მხოლოდ მხარდამჭერი და ზურგის ქარი იქნება.

„დაიცავი საქართველო არ იქნება პოლიტიკური პარტია, კლასიკური გაგებით. ეს იქნება ადამიანთა ჯგუფი, რეალური პლატფორმა იმისათვის, რომ იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოჩნდება, კანდიდატებს შესთავაზებს. კრიტერიუმი კი მარტივი იქნება: წესიერება, კეთილსინდისიერება, კომპეტენტურობა. სწორედ ასეთ სახეებს შესთავაზებს „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკურ პარტიებსა თუ ბლოკებს, რომლებიც 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოიკვეთებიან. „დაიცავი საქართველო“ მხოლოდ და მხოლოდ „ზურგის ქარი“, ფარი იქნება“.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვაზე, იქნება თუ არა „დაიცავი საქართველო“ „ქართული ოცნების“ ზურგის ქარი, შაქარაშვილმა უპასუხა, რომ ამ მოცემულობას დღეს ვერ ხედავს. რესპონდენტმა არც ის გამორიცხა, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ პოლიტიკურ სუბიექტებს დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად მისი თავი შესთავაზოს.

„გამორიცხული არაფერია, მათ შორის შეიძლება ვიყო მეც, ჯაბა ჯიშკარიანიც ან ნებისმიერი სხვა. არასწორმა ადამიანებმა დღეს გარემო დააბინძურეს და ამიტომ არის მცდარი წარმოდგენა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა“ – განაცხადა შაქარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები