ბაღის აღსაზრდელებს, დროებით ბაგა-ბაღები გამოკვებავენ

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად ვუთხრა აღსაზრდელების მშობლებს, რომ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბაგა-ბაღბის საკვების მომმარაგებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომელიმე მათგანთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება, მანამდე კი კვებით მომარაგებას თავად საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ.

„ნილი“ ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, რაც დავალებული ჰქონდა, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ ბაღებისთვის საკვების მოწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, ბოლოს რამდენიმე შეხვედრაც გავმართეთ. ჩვენი მხრიდან იყო მიმართვა, რომ დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის,  ძალიან სწრაფად გამოესწორებინათ, თუმცა კომპანიამ ეს ვერ შეძლო და ხელშეკრულება გავუწყვიტეთ. დღეს კვებით მომარაგებას უზრუნველყოფენ თვითონ ბაღები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაგა-ბაღებში კვების რაციონის შემუშავებაზე მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა და ის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე შედგა.

მსგავსი თემები