თბილისის ისტორიულ ნაწილში მშენებლობები კონტროლს დაექვემდებარება

  •  

ძველი თბილისის გარკვეულ ნაწილში, სამშენებლო მიმართულებით, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის ისტორიულ ნაწილში მშენებლობის რეგულაციები ძირითად წესებს და პრინციპებს, მათ შორის სიმაღლეებს, მოცულობებს, მასშტაბს, მორფოლოგიასა და იერსახეს განსაზღვრავს, რაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულ წესებს  ჩაანაცვლებს.

„თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით, გარკვეული რეგულაციები შემოგვაქვს. ძველი თბილისის არეალი, ქალაქის ისტორიული ნაწილი ის ტერიტორიაა, რომელსაც გაფრთხილება აუცილებლად სჭირდება. უნდა მოწესრიგდეს სიმაღლეებთან დაკავშირებული პრობლემები, მორფოლოგია, იერსახე – ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ის მიმართულებებია, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი კომუნიკაცია გვქონდა. იმისთვის, რომ ძველი თბილისი გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ის, რითაც ვამაყობთ, აუცილებელია, ამ რეგულაციების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ პროცესში სამუშაო ჯგუფს უდიდესი დახმარება გაუწია საფრანგეთის ისტორიული ქალაქების ასოციაციამ და  საფრანგეთის საელჩომ. ფრანგმა ექსპერტებმა კონკრეტული რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს, რომლის საფუძველზეც, მერია ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, როგორც რეგულაციების, ასევე, მართვის სტრუქტურის დახვეწისა და საკონსერვაციო გეგმების მომზადება-განხორციელების მიზნით.

მსგავსი თემები