ვეტერანი ფეხბურთელები, გაყიდულ და ჩაწყობილ თამაშებს სიდუხჭირით ხსნიან

ვეტერანი ფეხბურთელები გაყიდულ თამაშებზე მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ და არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ, დამგეგმავების დასჯას ითხოვენ. როგორც მანუჩარ მაჩაიძემ და რევაზ ძოძუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც მატჩების გაყიდვით ბიზნესს აკეთებს.

„მთელს მსოფლიოში ებრძვიან ასეთ საქმეებს და საქართველოც არ არის გამონაკლისი. მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ამით ბიზნესს აკეთებს. სასჯელის მხოლოდ ფეხბურთელებზე გადატეხვა არასწორი მიმაჩნია . ის ადამიანებიც უნდა დაისაჯოს, ვინც ფეხბურთელები აიძულა,“- განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, მსგავსი ზნეობრივი პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით დგას, თუმცა იქ გაცილებით დიდ თანხებზეა საუბარი.

„გაყიდულ და ჩაწყობილ თამაშებს მთელ მსოფლიოში ებრძვიან. ყველგან არიან ასეთი ზნედაცემული ადამიანები. საფეხბურთო ბიზნესის წარმომადგენლებიც არიან გარეულები ამაში და თვითონ ფეხბურთელებიც. ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, გაჭირვებული, რა თქმა უნდა, თანხაც მცირე იქნება, მაგრამ არიან ქვეყნები, სადაც თანხა დიდია. ზნეობრივ ნორმებზე არ დავიწყებ საუბარს. ეს ზნეობის ამბავია“ – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ძოძუაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, უნდა შეიქმნას ვეტერან ფეხბურთელთა შტაბი, სადაც მატჩების გარჩევა და ანალიზი მოხდება.

ვეტერანი ფეხბურთელები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, დროულად გამოიძიონ საქმე.

როგორც მანუჩარ მაჩაიძემ და რევაზ ძოძუაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნეს, მსგავსი ფაქტები გახშირდა და ამისი ერთ-ერთი მიზეზი სიდუხჭირე და გაჭირვებაა. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევებში, დანდობა არ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ამავე თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები