ბათუმში საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა

ბათუმში საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს ნაწილი გაიფიცა. გაფიცულთა შორის N1, N2, N3, N4 საჯარო და კერძო სკოლა ,,ევრო-2000″-ის მოსწავლეები არიან.

ისინი სტუდენტების ინიციატივას უერთდებიან და რუსულ კანონს ამ ფორმით აპროტესტებენ. სკოლის მოსწალვეები ამ წუთებში ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

,,დღეს ჩვენ, ბათუმი მოსწავლეები შევიკრიბეთ აქ, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის, არასრულწლოვანებთან განხორციელებული მუქარის ზარებისა და ქვეყნის შეცვლილი საგარეო კურსის გასაპროტესტებლად. ამ პროტესტის გამოსახატად გადავწყვიტეთ არ დავესწროთ და გავაცდინოთ სასწავლო პროცესი.

სტერეოტიპები, რომლებიც არასრულწლოვანებზე დადის ჩვენს ქვეყანაში, რომ თითქოს არ უნდა ვერეოდეთ და უფროსი ბიძიები მიხედავენ პოლიტიკურ საქმეებს, მცდარია. ასე ფიქრის უფლებას 9 აპრილის გმირთა წლოვანება გვაძლევს. ვიცით და ვაანალიზებთ, თუ რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს ამ ყოველივემ ჩვენს ქვეყანას და ამიტომ, ჩვენ ამ სტერეოტიპს ვანგრევთ.

ბათუმის მოსწავლეები უარს ვეუბნებით ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელ რუსულ კანონპროექტს, რომელიც არ მოგვცემს სამომავლოდ ძლიერი განათლების მიღების საშუალებას. სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად ვიტყვით, გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანის უფლებაა, მათ შორის, ჩვენიც. ამ უფლებაში ჩარევის საშუალებას არავის მივცემთ. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, დღეს დუმილი დანაშაულია, უნდა ვიმოქმედოთ. საქართველოს გაუმარჯოს!”, – ამბობს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე.

მსგავსი თემები