ბაღების კვებით მომმარაგებელ კომპანიას მერიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა

ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების პროცესში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერია კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბაგა-ბაღებში ორი კვირის განმავლობაში საკვები გვიანდებოდა,ასევე, საკვები, ხშირ შემთხვევაში, გამოყენებისთვის უხარისხო იყო. გ

ადაცდომებთან დაკავშირებით, „ნილს“ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, არაერთი გაფრთხილება და მდგომარეობის გამოსასწორებლად კონკრეტული ვადაც მიეცა, თუმცა კომპანიამ ხარვეზის აღმოფხვრა ვერ შეძლო.

„ კომპანია „ნილი“ თავის მოვალეობას ბოლო პერიოდამდე წარმატებით ასრულებდა, რასაც ვერ ვიტყვით კომპანიის საქმიანობაზე უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ბაღები ხარისხიანი საკვებით მარაგდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ კომპანია „ნილს“ მივეცით გაფრთხილება, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს ისევ ანალოგიური მდგომარეობაა, კვლავ დაგვიანებით ხდება ბაღებში საკვების შეტანა და ხარვეზები გვაქვს. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყდეს. ამისთვის ყველანაირი კონტრაქტუალური საფუძველი გვაქვს“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ილია ელოშვილის განმარტებით, ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების მიწოდების მხრივ შეფერხებას ადგილი არ ექნება და ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, შესყიდვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ავტონომიურად განახორციელებენ.

მსგავსი თემები