„აღმოჩენილია ათობით ჩამწერი ტექნიკა და ათასობით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა“- პროკურატურა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს მარიამ იაშვილს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღმოჩენილია ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც განთავსებული იყო ბინის ოთახებში სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს“- აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა.

“გამოძიების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში. აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ“- აღნიშნულია განცხადებაში.

ბლოგერი და მისი მეუღლე პატიმრობაში რჩებიან

მსგავსი თემები