იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის სანქციების გაზრდას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის თანახმად,  იზრდება ჯარიმის ოდენობა  წვრილმანი ხულიგნობისთვის და ასევე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის  თანამშრომლის,  აღსრულების პოლიციელის  ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის  ან მასთან  გათანაბრებული  პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ამ პირის მიმართ სხვა  კანონსაწინააღმდეგო  ქმედების განხორციელებისთვის.

კანონპროქტის თანახმად , საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება,  რომელიც არღვევს  საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა.

ასევე, სამსახურეობრივი მოვალეობის  შესრულების დროს  სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის,  სახელმწიფო დაცვის  სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური  სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი  ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ პირის სიტყვიერი  შეურაცხყოფა და მის  მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედებისგანხორცილება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 4000 ლარამდე. დღეს მოქმედი ნორმით, აღნიშნული ქმედებებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 250-დან 2000ლარამდე.

„მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ეფექტიანი რეაგირება  არის საზოგადოებრივი  წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი უმთავრესი  გარანტი და ის  სანქციები,  რომელსაც დღეს  ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსი ამ ორ მუხლთან მიმართებით, არ არის ქმედების შესაბამისი და ადეკვატური. ამიტომ,მიგვაჩნია, რომ სანქციების გაზრდა, საუბარია მხოლოდ ჯარიმის ნაწილზე, იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისათვის, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევების  წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტიანად  განხორციელდეს“, -განაცხადა საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.
კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

მსგავსი თემები