შს მინისტრის ინფორმაციით, ზუგდიდში სროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდში, საარჩევნო უბანზე განხორციელებული სროლის შედეგად დაკავებულია 2 პიროვნება, თუმცა, გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპისთვის, დეტალურად ყველაფერი გარკვეული არ არის.

„ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის მობილიზებული, იქ მობილიზებულია დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. სწორედ ამაზე პასუხის სახით არის შინაგან საქმეთა სამინისტოს ის ძალები მობილიზებული, რომელიც აუცილებელი იმისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ამიტომ, აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შემთხვევა, იქნება ეს პროვოკაციები თუ უბრალო სამართალდარღვევა, პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება განურჩევლად მხარეებისა. ისევე, როგორც რეაგირება მოვახდინეთ იმ შემთხვევის დროსაც, როდესაც მოხდა გასროლა. მიმდინარეობს გამოძიება, მე როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი. თუმცა, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გაერკვევა დეტალურად ბოლომდე რა მოხდა, რა თქმა უნდა, ეს პიროვნება, როგორც ვიცი, არის დაკავებული“, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები