„ახალგაზრდებმა ქვეყნის ისტორია უნდა იცოდნენ, რომ სწორი დასკვნები გააკეთონ“ – სიმონ ნოზაძე

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სტუდენტური პარლამენტის წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის ასპექტებზე საკუთარი მოხსენებები წარმოადგინეს.

მათი გამოსვლები შეეხებოდა ქართული საზოგადოების მდგომარეობას დემოკრატიული რესპუბლიკის სათავეებთან; საქართველოს პარლამენტის ისტორიას; დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკურ მდგომარეობას; იმ პერიოდის საქართველოს სამხედრო პოლიტიკას და კონფლიქტებს; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკურ შეცდომებს და დამოუკიდებლობის დაკარგვის მიზეზებსა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებმა ქვეყნის ისტორია უნდა იცოდნენ, რომ სწორი დასკვნები გააკეთონ: „ჩემი მიზანია, თანამედროვე თაობა, რომელიც ერთობ „ორიენტირებულია“ თანამედროვე, დასავლურ, პროგრესულ ღირებულებებზე, მან უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, რომ სწორი დასკვნები გააკეთოს. შეცდომები, რომელიც საქართველომ თავისი სამიათასხუთასწლიანი ისტორიის მანძილზე დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს. ახალგაზრდა თაობებმა უნდა იცოდნენ ისტორიის პარადიგმები, რომ შემდგომში ის მაგალითად გამოადგეთ“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი; მეცნიერი ისტორიკოსები, პროფესორები: სვიმონ მასხარაშვილი, მანანა შეყილაძე, თათია დოლიძე.

მსგავსი თემები