„ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ე.წ. კოჰაბიტაცია, მე არ მოვერიდები ამის თქმას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

  •  

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა კოჰაბიტაცია. ეს გზავნილი მან ზესტაფონში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მთავარ გამოწვევად კი სიღარიბე და უმუშევრობა დაასახელა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთავარი პრობლემა, მთავარი გამოწვევა ჩვენი ხალხის წინაშე – ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და ჩვენი ეკონომიური ვითარება, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ეს, რა თქმა უნდა, არ დაწყებულა არც 2012 წელს და არც 2016 წელს. მე შემთხვევით არ მიხსენებია ეს წლები. 2012 წელს ჩვენ თქვენთან ერთად, სწორედ შეუპოვარი ხალხის მხარდაჭერით შევძელით შეუძლებელი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით და ხელმძღვანელობით, დავამარცხეთ და გავუშვით ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალა, მე ვიტყოდი ანტიეროვნული ძალა, რომელიც ქვეყანას მართავდა და ჩვენს ხალხს ჩაგრავდა, რომელიც პირველ რიგში უსამართლოდ ექცეოდა ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ წერტილი დავუსვით მათ მოძალადეობრივ მმართველობას, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, მაგრამ დღეს რა მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო ე.წ. კოჰაბიტაცია, მე არ მოვერიდები ამის თქმას“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა განაცხადა, ამ შეცდომას გამოსწორება სჭირდება: „ძალიან აქტიურად, განახლებული ენერგიით გამოვასწორებთ ამ და სხვა შეცდომებს. ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის გულისწყრომის. ჩვენ ახლახანს გვქონდა შეხვედრა ჭიათურაში, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა. ძალიან აღშფოთებულები და დათრგუნულები ვართ იქ არსებული ხალხის მდგომარეობით. ეს უნდა დასრულდეს, სახელმწიფო აღარ დაუშვებს ასეთ განუკითხაობას. მე მჯერა, რომ ეს პრობლემები მოგვარდება.“

მსგავსი თემები