გენერალ ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, ახალაია-უდესიანის ორგანიზებით, ზუგდიდში დესტრუქციული ჯგუფების შემოყვანა იგეგმება

„სახელმწიფოს ქმედება არ მომწონს, მოახდინონ რეაგირება“ – ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი აფხაზეთიდან დესტრუქციული ჯგუფების შესაძლო შემოყვანაზე საუბრობს და ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია და გია უდესიანი იმყოფებიან, რომლებიც ზუგდიდში, არჩევნებისთვის დესტრუქციული ჯგუფების შემოყვანას გეგმავენ.

„აფხაზ ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ძებნილები არიან – გია უდესიანი და დათა ახალაია. მათი მცდელობაა, გარკვეული გავლენა მოახდინონ ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებზე. ერთია, რომ გადმოიყვანონ გარკვეული ადამიანთა ჯგუფები და მათ მიაცემინონ ხმა მათი კანდიდატის სასარგებლოდ და მეორე – მოახდინონ პროვოკაცია“ – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, ყველაფერი კეთდება დესტრუქციული ძალების გასაძლიერებლად და პროვოკაციების მოსაწყობად. გენერალი ნიკოლეიშვილი არჩევნებისთვის საშიში სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს.

„ეს ადამიანები, ვინც აფხაზეთს მხრიდან აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებენ, თავადაც არ არიან ამ ფაქტით კმაყოფილები. ისინი არ გამორიცხავენ, ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული დადებითი ურთიერთკავშირების გართულებას. ყველაფერი იგეგმება იმისათვის, რომ გარკვეული დესტრუქციული ძალები გაძლიერდეს და სერიოზული პროვოკაციები მოაწყონ ზუგდიდში. შესაძლოა, სახელმწიფოსათვის საშიში სცენარები ვიხილოთ“ – აცხადებს გენერალი ნიკოლეიშვილი.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, სახელმწიფოს მიმართავს და სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს: „სახელმწიფოს ქმედება, პირდაპირ გეუბნებით, რომ არ მომწონს. მოვუწოდებ სახელმწიფოს და შესაბამის ორგანოებს, გააკეთონ შესაბამისი რეაგირება მსგავსი ფაქტების მიმართ. ეს არ არის ის, რაზეც შეიძლება თვალები დავხუჭოთ. აქ საუბარი იმაზე, რომ არ მოხდეს არეულობა, დესტაბილიზაცია და გარე ძალების ჩარევა. ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ შეიძლება ამოვიკითხოთ ამ სცენარიდან, ეს არის რუსეთი. რუსეთს იმიტომ ვამბობ, რომ ის არის ოკუპანტი ქვეყანა და ეს ქვეყანაა ის, რომელსაც ყველაზე მეტად აწყობს არეულობა ჩვენს სამშობლოში“, – განაცხადა გენერალმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები